English / ქართული / русский /
ნინო მელითაური
საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები

ანოტაცია. მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაციის კეთილდღეობის ეფექტების რაოდენობრივი შეფასების საკითხი. ასევე გააანალიზებულია ვაჭრობის შემაფერხებელი ფაქტორები და შეფასებულია მათი გავლენის მნიშვნელობა რათა გამოვარკვიოთ რა დამატებითი ღონისძიებებია საჭირო DCFTA-ის სავაჭრო  რეფორმის პოტენციური სარგებლის სრულად ასათვისებლად.

საკვანძო სიტყვები: ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ზოგადი წონასწორობის გამოთვლითი მოდელები, ვაჭრობის შეფერხების ინდექსი. 

შესავალი

თანამედროვე გლობალურ ბაზარზე განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლო შედეგების ვარიაციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თუ რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა დამოკიდებულია ქცევით, სტრუქტურულ და ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე. შედეგების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით გამოვყოფთ მასშტაბის აუთვისებელ ეკონომიკას და არასრულყოფილ კონკურენციას.

ცნობილია, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ერთი მხრივ, მოჰყვება კეთილდღეობის ზრდა, თუ პროცესები იმგვარად განვითარდება, რომ მონოპოლიური ძალაუფლება შემცირდება და მოხდება ინდუსტრიის ე.წ. „რაციონალიზაცია“[1], ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც მასშტაბის ეკონომიკა კარგად ათვისებულია და სექტორებში ფასები ზღვრულ დანახარჯებს აჭარბებს, ბაზრებზე შესვლისა და გასვლის შეზღუდვა კეთილდღეობას შეამცირებს.

ზოგადად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც საბაზრო ინტეგრაციის მიმართულებით ვითარდება, ტრადიციულად თავს იყრის მიწოდების მხარისა და ფირმების მიერ ბაზარზე წვდომის, ისევე, როგორც მათ შორის კონკურენციის გარშემო. ფირმების მახასიათებლები მათ მიერ ბაზარზე დაუბრკოლებელი წვდომის საჭიროებას ასახავს და, განსაკუთრებით, გაორმაგებული რეგულაციური დამაბრკოლებლების აღმოფხვრის საჭიროებას.

აღნიშნული პრობლემატიკის სპექტრი დამახასიათებელია რეფორმატორი განვითარებადი ქვეყნებისთვის და, სხვათა შორის, საქართველოშიც იჩენს თავს. ზოგადად, ამ ტიპის ეკონომიკებში ჭარბობს არასრულყოფილი კონკურენცია და მასშტაბის აუთვისებელი ეკონომიკა (Rodrik, 1988), იმპორტში შუალედური პროდუქტების დიდი წილი, ბაზარზე სტრუქტურული სიხისტის მაღალი დონე, LCD[2] ვაჭრობაში შიდაინდუსტრიული ვაჭრობის სიჭარბე და ინდუსტრიათაშორისი ვაჭრობის ნაკლებობა (Richard Harris, 1984, Trien Nhuyen, Randall Wigle,1987).

მსგავსი ფაქტორები საქართველოს ეკონომიკაშიც შეინიშნება, ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების ინტეგრაციული პროცესების ფონზე არსებული საბაზრო რეალობა ასახავს შეუთავსებლობას ვაჭრობის ლიბერალიზაციის სავაჭრო რეფორმასა და პრაქტიკას შორის, რადგან წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურ მოდელში გვაქვს რეალობა, სადაც ევროკავშირთან ვაჭრობის აქტიური კულტურა ვერ ჩამოყალიბდა. რაც წარმოქმნის ვაჭრობის დამაბრკოლებელი ფაქტორების სიღრმისეული გამოკვლევის საჭიროებას. 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობაზე ზემოქმედი ფაქტორები

ჩვენი კვლევიდან გამომდინარე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის შეფერხების ინდექსზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები შემდეგნაირად ჩამოვაყალიბეთ:

ü ევროკავშირის საბაზრო რეგულირების სპეციფიკა როგორც ექსკლუზიურ, ისე გაზიარებულ კომპეტენციებში.

ü ქართული კონკურენციული ბაზრის ჩამოყალიბება.

ü EU-ს საბაზრო რეგულაციების პრაქტიკაში იმპლემენტაციის დონე.

ü საერთაშორისო ვაჭრობის განხორციელების მარეგულირებელი სისტემის წინასწარი დანერგვა და აუცილებელი სავაჭრო გარემოს მომზადება.

ü ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ü იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების აღებული კურსის განვითარება.

ü სასოფლო-სამეურნეო მეურნეობების ხელშეწყობის ეკონომიკური პოლიტიკა, შედარებითი უპირატესობის კვლევები, ეკონომიკური ანალიზები და ვაჭრობის მოდელირება.

ü საექსპორტო პროდუქტების მიზნობრივად და სტანდარტებთან შესაბამისად ეტიკეტირება.

ü მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების ცოდნა, თუ როგორ უნდა მოხდეს ოპტიმალურად მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა და შერჩევა.

ü ქაოსური ფასდადება ექსპორტიორების მიერ საექსპორტო პროდუქტებზე.

ბაზრების კვლევების შედეგად დაგროვილი პრაქტიკული ექსპერტული გამოცდილებით და შეფასებით, თითოეულ მათგანს მიენიჭა შესაბამისი კოეფიციენტი [0,1] ინტერვალიდან. 

ვაჭრობის დამაბრკოლებელი ფაქტორების შეფასება

დღეისათვის ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. 2014 წლის 27 ივნისს განხორციელებული სავაჭრო რეფორმით საქართველოს ეკონომიკა ახალ რეალობაში შევიდა. მიუხედავად ამისა, ევროკავშირთან ვაჭრობის მიმდინარე მდგომარეობა სასურველ ნიშნულს ვერ აღწევს. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სავაჭრო ურთიერთობების სასურველი ინტენსივობის მისაღწევად აუცილებელი კრიტერიუმები მოითხოვს ადგილობრივ თავისებურებათა შეფასებასა და მათ ჩართვას საბოლოო შედეგებში.

ევროკავშირის კონკურენციის მოდელის თავისებურებები არ ტოვებს რეგულაციურ „გაპებს“. შესაბამისად, საგარეო პერსპექტივით ამ დონეზე არ განვიხილავთ ვაჭრობის დამაბრკოლებელი ფაქტორების ზემოქმედებას. შესაბამისად მათ ინდექსში 0 ქულა ენიჭებათ.

ვაჭრობის დინამიკა და ანალიზურ პარამეტრებში ამ დინამიკის ტრანსკრიფცია ვაჭრობის ბარიერების ორ ძირითად კატეგორიაზე მიუთითებს, ესენია: სატარიფო და არასატარიფო ბარიერები.  განსაკუთრებით ტექნიკურ ბარიერებსა და არასატარიფო დაბრკოლებებს  დიდი გავლენა აქვს ვაჭრობის მოცულობაზე. ხშირ შემთხვევაში სავაჭრო საქონელი ექვემდებარება ისეთ არასატარიფო რეგულაციებს, როგორებიცაა, მაგალითად, იმპორტის ლიცენზია და ნებართვა, მოთხოვნები ხარისხის სფეროში, ზედამხედველობა და ფასების კონტროლი და ა.შ. ისინი ჰეტეროგენული და კომპლექსურია.

ამ მოსაზრებას ამყარებს კვლევიდან მიღებული რეზულტატები, სადაც აღნიშნულ ფაქტორს 0.9 კოეფიციენტი მიენიჭა.

რა სახით იდება გარიგებები ევროკავშირისა და საქართველოს სამომხმარებლო ბაზრებზე? ამ კითხვის დასმა აქტუალური გახდა პრაქტიკული საექსპორტო შემთხვევების შემდგომ, როცა აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებების დადების ჩამოყალიბებული პრაქტიკა ამ ორ ეკონომიკაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ეს განსხვავება  ექსპორტის განხორციელების მნიშვნელოვან ბარიერად მოგვევლინოს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა თუ რამდენად ოპტიმალურად ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე მოქმედი ექსპორტიორი კომპანიები და იყენებენ თუ არა ვაჭრობის ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მოდელირებებს, რათა ექსპორტის ეფექტიანი დაგეგმვით მიიღონ მაქსიმალური სარგებელი.

აღმოჩნდა, რომ ექსპორტის მენეჯმენტი საჭიროა შემდეგი მიმართულებებით განვითარდეს: მოხდეს საექსპორტო პოლიტიკის დაგეგმვა ეკონომიკური ანალიზისა და ვაჭრობის მოდელირების საფუძველზე. მათ შორის, ევროკავშირის ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობით, ევროკავშირში სამომხმარებლო ბაზრისა და პროდუქტზე ოპტიმალური ფასის განსაზღვრით, პროდუქტზე გასავლელი საბაჟო პროცედურებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენით; საექსპორტო პროდუქტების მიზნობრივად და სტანდარტების შესაბამისი ეტიკეტირებით; მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების ცოდნით - თუ როგორ უნდა განხორციელდეს ოპტიმალურად მიზნობრივი ბაზრის განსაზღვრა და შერჩევა; დასაბუთებელი ფასდადებით ექსპორტიორების მიერ საექსპორტო პროდუქტებზე.

კვლევის ინდიკატორები და შედეგები შეჯამებულია 1-ლ ცხრილში და გამოსახულია ინდექსში, რომელიც გამოისახა 0.39 მნიშვნელობით.

 ცხრილი 1. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის შეფერხების ინდექსი

 

ექსპერიმენტი: სიმულირებული სცენარი - აგროსექტორში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების გავლენა ეკონომიკის დანარჩენ სექტორებზე

DCFTA-ის სავაჭრო რეფორმის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ლიბერალიზაცია უპირატესად შეეხო სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქციას. ეკონომიკურ ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი ე.წ. „ჰოლანდიური დაავადების“ მაგალითები ნავთობიდან მიღებული მოგების არასწორად განკარგვის შედეგად, რამაც ქვეყნების ეკონომიკების განვითარება შეაფერხა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, საჭიროა საქართველოს შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო სექტორში ვაჭრობის ლიბერალიზაციის თანამდევი შედეგების რაოდენობრივი ანალიზი. ხომ არ შეიძლება, რომ აგროსექტორში საექსპორტო ნაკადებიდან მიღებულმა მოგებამ ეკონომიკის დანარჩენი სექტორები დააზარალოს მათში შემოსავლების შემცირების გამო? გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა კამერუნის ზოგადი წონასწორობის გამოთვლითი მოდელი, ვერსია: Timothy Condon et al. (1986), რომლითაც სრულყოფილი კონკურენციისა და მასშტაბიდან მუდმივი უკუგების დაშვებების პირობებში გავაანალიზეთ ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგები შედარებითი სტატიკური ექსპერიმენტის საფუძველზე.

მოდელში ჩასართავად ეკონომიკის სექტორები აგრეგირებულია გამსხვილებულ კატეგორიებად.

ცხრილი 2. ეკონომიკის სექტორები

1

სოფლის მეურნეობა, ნადირობა,  მეთევზეობა/თევზჭერა.

2

ვაჭრობა

3

სატყეო მეურნეობა

4

დამამუშავებელი მრეწველობა

5

ტრანსპორტი/კავშირგაბმულობა

6

სამთომომპოვებელი მრეწველობა

7

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის წარმოება და განაწილება

8

საფინანსო საქმიანობა; ოპერაციებიუძრავიქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა.

9

მშენებლობა

10

სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება; შინამომსახურება

11

სახელმწიფო მმართველობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური მომსახურება.

 შედეგები

ცხრილი 3. შედეგებიდან ჩანს, რომ აგროსექტორში ექსპორტის გაზრდის შედეგად მიღებული მოგება არ წარმოქმნის „ჰოლანდიური დაავადების“ ანალოგ პრობლემებს. პირიქით, ფასები უმეტეს სექტორებში კონკურენტუნარიანი ხდება.

ცხრილი 4. შედეგები მიუთითებს აგროსექტორში წარმოების გაზრდის საჭიროებაზე.

ცხრილი 3. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ექსპერიმენტის გავლენა

შიდა და კომპოზიტურ ფასებზე

 

ცხრილი 4. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ექსპერიმენტის გავლენა

იმპორტ-ექსპორტზე 

 

დასკვნა

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩატარებულმა სავაჭრო რეფორმებმა და ღონიძიებებმა დადებითი გავლენა იქონია ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე და შეფერხების ინდექსის მნიშვნელობა - 0.39, შეესაბამება ისეთ შესაძლებლობათა ზღვარს, სადაც ექსპორტის ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში შესაძლებელი ხდება ექსპორტის ეფექტიანი განხორციელება.

თუმცა, საჭიროა დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ინდექსის მნიშვნელობას კიდევ უფრო შეამცირებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ექსპერიმენტის შედეგები ვაჭრობის ლიბერალიზაციის ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილ თანამდევ პრობლემებზე არ მიუთითებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Condon, T., Dahl, H. & Shantayanan, D., 1987. IMPLEMENTING A COMPUTABLE GENERAL EQUILIBRIUM MODEL ON GAMS THE CAUEROON MODEL, s.l.: Development Research Department Economics and Research Staff World Bank .
  2. Dervis, K., Jaime, d. M. & Robinson, S., 1982. General Equilibrium Models for Development Policy. The World Bank ed. Washington D.C: A World Bank Research Publication.
  3. Devarajan, S. & Rodrik, D., 1989. Trade Liberalization in Developing Countries: Do Imperfect Competition and Scale Economies Matter?. The American Economic Review, Vol. 79( No. 2), pp. 283-287.
  4. Harris, R. G., 1984. "Applied General Equilibrium Analysis of Small Open Economies with Scale Economies and Imperfect Competition,". American Economic Review, Volume 74, pp. 1016-32..
  5. Mage-Bertomeu, S., 2006. LES MODÈLES D'ÉQUILIBRE GÉNÉRAL APPLIQUÉS À LA POLITIQUE COMMERCIALE : DÉVELOPPEMENTS RÉCENTS. Revue d'économie politique, 3 Vol. (116), p. pages 357 à 381.
  6. Martincus, C. V. & Carballo, J., 2010. Entering new country and product markets: does export promotion help?. Review of World Economics, Vol. 146(No. 3), pp. pp. 437-467.
  7. Niamh Moloney, 2005 . Building a Retail Investment Culture through Law: The 2004 Markets in Financial Instruments Directive. European Business Organization Law Review, Vol. 6, No. 3, pp. pp. 341-422.
  8. Rodrik, D., 1988. "Imperfect Competition, Scale Economies, and Trade Policy in Developing Countries,". Trade Policy Issues and Empirical Analysis, Issue Chicago: University of Chicago Press.
  9. Rutherford, T. F. & Tarr, D. G., n.d. Trade Liberalization, Product Variety and Growth in a Small Open Economy: A Quantitative Assessment, Washington D.C: s.n.
  10. Trien T. Nguyen, R. M. W., 1987. "Imperfect Competition and World Trade: An Applied General Equilibrium Analysis,". mimeo.


[1] რაც გულისხმობს წარმოების ერთეულზე ხარჯების შემცირებას. „რაციონალიზაციის“ საფუძველია ის ფაქტი, რომ ლიბერალიზაცია ფირმებისთვის გამოიწვევს საშუალო ხარჯების შემცირების წნეხს.

[2] Least Developed Countries,